Posts Tagged 'შრომა'

„საწარმომ მეშახტეები მოატყუა, სახელმწიფო კი პოსტსაბჭოთა ტყვეობებში იმყოფება“

დღეს ქვეყნის ყველაზე მსხვილი არტერია ტყიბულზე გადის. სწორედ ტყიბულის მეშახტეების და ზოგადად დასაქმებულთა უფლებათა დარღვევებზე ვისაუბრებ დღეს ჩემი ბლოგის ახალი რუბრიკაში. „ბლიცი საქმეზე“ დღეს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძეს მასპინძლობს.miners-PA

1) მოგესალმებით ლევან,ვიცი რომ დიდი ხანია დასაქმებულთა პრობლემებს იკვლევ. დღეს ძალიან აქტუალურია ტყიბულელი მეშახტეების პრობლემები. რეალურად რა ხდება ტყიბულში? ამ შემთხვევაში რა კონრეტულ დარღვევებთან გვაქვს საქმე დამსაქმებლის მხრიდან?
ტყიბულშიც და საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებშიც ერთმანეთის მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე. მეწარმეებს, საწარმოს მფლობელებს არავინ აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად თვითნებურად მოქმედებენ, ითვალისწინებენ მხოლოდ საკუთარ კომერციულ ინტერესებს და არაფრად აგდებენ მუშათა მოთხოვნებს.
2011 წელს ტყიბულის ყველა შახტა გაიფიცა. რამდენიმე კვირის შემდეგ გაფიცულებთან მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმება სამ ძირითად პუნქტს აერთიანებდა. კერძოდ:
1. საწარმომ საკუთარ თავზე აიღო მუშათა ხელფასების ყოველწლიური ინდექსაციის ვალდებულება (ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.).
2. საქნახშირმა დადო პირობა იმისა, რომ 2011 წლის მარტში მუშებთან კოლექტიურ ხელშეკრულებას გააფორმებდა. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულების გარდა მუშათა მთელ კოლექტივთან გაფორმებული ხელშეკრულებები დასაქმებულთა უკეთ დაცვის მექანიზმს ქმნიან და აწესებენ საერთო, მაღალ სტანდარტებს შრომის ყველა საფეხურზე.
3. საწარმოს წარმომადგენლებისა და მუშების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბებულიყო უსაფრთხოების სისტემებისა და შრომის დაცვის ერთობლივი ორმხრივი საბჭო, რომელიც დაეფუძნებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2001 წლის სტანდარტს. მაშასადამე, საწარმოში იარსებებდა შრომის უსაფრთხოების პირობებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი, მუშებისთვის სანდო ორგანო, რომელიც შეეცდებოდა საწარმოში არსებული სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების აღმოფხვრას.
საწარმომ ხუთი წლის განმავლობაში სამიდან არცერთი ძირითადი ვალდებულება არ შეასრულა. საწარმომ საკუთარი პირობები დაარღვია, მოატყუა მეშახტეები. სახელმწიფოს მხრიდან კი არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომელიც მუშებს მეწარმეთა მანიპულაციისგან დაიცავდა და საწარმოს ვალდებულებების შესრულებას აიძულებდა.
2) აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ადმინისტრაციული შენობის დაკავება. შენი შეფასება როგორია ამ მიმართულებით? გამოიღებს კი შედეგს აგრესიული პროტესტის ეს ფორმა?
მედიის რიგმა საშუალებებმა ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხეს. არაფერი განსაკუთრებული ადმინისტრაციულ შენობაში არ მომხდარა. დასაქმებულები შევიდნენ თავიანთი საწარმოს ბიუროში. ისინი ხმაურიანად მოქმედებდნენ, მაგრამ არაფერი გაუფუჭებიათ და არაფერი დაუნგრევიათ. ჩვენ მეზობელ თურქეთშიც კი გაფიცული მუშები გაცილებით აგრესიულნი არიან და სამართლიანი მოთხოვნის შემთხვევაში მათ აგრესიასაც კი საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს. უბრალოდ, „საქნახშირის“ წარმომადგენლებსა და არაპროფესიონალ ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ მუშამ ვერაფერი ვერ უნდა გაბედოს, მუშა ხმას არ უნდა იღებდეს და უსიტყოდ ემორჩილებოდეს დაცვის თანამშრომელთა ბრძანებებს. დასაქმებულთა თავისუფალი მოქმედება და ადმინისტრაციის შენობაში შესვლა იყო შოკი საწარმოს ხელმძღვანელობისათვის, ისინი არ მოელოდნენ ამგვარ სამოქალაქო სიმამაცეს ტყიბულელთა მხრიდან. შენობის დროებით დაკავებამ შედეგი გამოიღო. აღნიშნული აქტის შემდეგ საზოგადოების ყურადღება ტყიბულის მიმართ გაორკეცდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაორდინარული ქმედებები კაპიტალისტთა და მედიის წარმომადგენელთა გამოსაფხიზლებლად შესანიშნავი და გამართლებული მეთოდია. მთავარია ქმედებებმა ძალადობრივი შინაარსი არ შეიძინონ.
3) რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ცოტა სახიფათო ხომ არ უკვე დაზეპირებული სიტყვები `ეს ორ სუბიექტს შორის დავაა~… ?
ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა კომპლექსების ტყვეობაში იმყოფება. ჩვენი სახელმწიფოსათვის მსხვილ კერძო საკუთრებას საკრალური, ლამის რელიგიური მნიშვნელობა აქვს შეძენილი. პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფიქრობს, რომ მესაკუთრეს თითქმის ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს და მას მთავრობამ არაფერში უნდა შეუშალოს ხელი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე განუზომელი გავლენა აქვთ ქართული ეკონომიკის მონოპოლისტებს, რომლებიც დამსაქმებელთა დაცვის კანონმდებლობის შემუშავებას მიზანმიმართულად და წარმატებულად აფერხებენ. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიად შენიღბული მდიდართა მმართველობის, პლუტოკრატიის პირობებში. მთავრობა ბიზნესის ფეტიშსა და დიქტატს ემორჩილება. შესაბამისად, მათ სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმ მიმართულებისა, რომ გაექცნენ პროცესებში ჩარევის პასუხისმგებლობას და მუდმივად მიანიშნონ „ორ სუბიექტს შორის დავაზე“. თუ კარგად დააკვირდებიან, ორ სუბიექტს შორის დავა ერთეული, მარგინალური შემთხვევა არ გახლავთ. ანალოგიური დავები მიმდინარეობს ჭიათურაშიც, კაზრეთშიც, ზესტაფონშიც და საქართველოს რკინიგზაშიც. შესაბამისად, არავის სჯერა იმისა, რომ ტყიბულში გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს შრომის პოლიტიკა მარცხს განიცდის ქვეყნის ყველა რეგიონში. სახელმწიფომ ამ პოლიტიკის შეცვლაზე, მიდგომებისა და კანონმდებლობების შეცვლაზე უნდა იფიქროს. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ დაჩაგრული ადამიანების დახმარება, შრომით დავებში ჩარევა ერესი და მკრეხელობა არ არის.

1011269_723879284311661_873453780_n
4) საზოგადოებას რა როლი ენიჭება ამ და მსგავს სიტუაციებში? რაშია პროტესტის წარმატების რეცეპტი?
სამყაროს ისტორიაში არსებობს პროტესტის წარმატების ერთადერთი რეცეპტი – სოლიდარობა. არ შეიძლება, რომ ტყიბულელი მეშახტეები მარტო აპროტესტებდნენ თავიანთ გასაჭირს. ტყიბულის გაფიცვის მიმართ თანაგრძნობას უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ყველა ჩაგრული ჯგუფი. დაჩაგრულები კი ჩვენთან ბევრნი არიან, მაგალითად უმუშევრები, უხარისხო და ძვირი განათლების სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი სტუდენტები, ორმაგად დისკრიმინირებული ქალები, გარიყული შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები, ქვეყნის გარეთ გაქცეული ემიგრანტები და ა.შ. სასიხარულოდ, ყველა ჩაგრული ჯგუფი გამოხატავს თავის სოლიდარობას. ჯერ-ჯერობით პასიურად, მაგრამ მაინც გამოხატავს თავის მხარდაჭერას ტყიბულელი მეშახტეების მიმართ.
5) და ბოლოს მინდა გკითხოთ რეალურად რა იწვევს ამ და მსგავს პრობლემებს? არის თუ არა გამოსავალი შრომის ინსპექციის შექმნა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი ინსიტუტი მოქმედი იყოს ?
შრომითი დავების გადაწყვეტისათვის სახელმწიფო მუშას მხოლოდ ორ მექანიზმს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მედიაციის ინსტიტუტი. გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე, მედიატორები ჩადიან შესაბამის საწარმოებში და ცდილობენ ერთ მაგიდასთან ყველა მხარის თავმოყრას. ისინი მოლაპარაკებების წარმართვას უწყობენ ხელს, ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ისინი ჩვეულებრივი, უუფლებო, გავლენის არმქონე მოდერატორები, დისკუსიის წამყვანები არიან. მათ პროცესებში აქტიური ჩარევის უფლება არ აქვთ. მედიაციის ინსტიტუტი მეწარმის ხელში ერთგვარი ინსტრუმენტიცაა, რომლის გამოყენებითაც კაპიტალისტი სახელმწიფოს სახელით მუშებს აშოშმინებს. გვაქვს წარმატებული მედიაციის შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულებულა და საგულისხმო ხელშეკრულებები გაფორმებულა. თუმცა, აქ ვაწყდებით კიდევ ერთ მთავარ პრობლემას. არ არსებობს შეთანხმებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ორგანოები. შესაბამისად, ხშირად წარმატებული მოლაპარაკებების შედეგები მხოლოდ ქაღალდზე რჩება. გაფიცვის დასრულებისთანავე მეწარმე უარს ამბობს ან დროში უმოწყალოდ წელავს საკუთარი ვალდებულებების შესრულების საკითხებს. უნდა არსებობდეს მეწარმის იძულების მექანიზმებიც.
მეორე ინსტიტუტი კი სასამართლო გახლავთ. სასამართლო პროცესების წარმოება კი მოგეხსენებათ რამხელა დროსთან, რესურსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. კაზრეთელი მუშების შრომითი დავა სასამართლოში ერთი წელი გრძელდებოდა, ერთი წელი მუშებს ხელფასი არ ჰქონდათ. მათმა ნაწილმა მოიგო სამართლებრივი დავა, მუშებმა მიიღეს გაცდენილი დროის ანაზღაურებისა და სამსახურში დაბრუნების უფლება. თუმცა, დამსაქმებელმა სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. დავას კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, ევროპის მსგავსად შრომითი საკითხების გადასაწყვეტად მუშას პირდაპირ სასამართლოში წასვლა არ უნდა უწევდეს. პირდაპირ სასამართლოსთან დავა მუშის სოციალური მდგომარეობისათვის არაეფექტიანია.
შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სამმხრივ კომისიაზეც. 2013 წლის 1 -ლ მაისს პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში მთავრობის, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ირიცხებიან. კომისიის მიზანი შრომის პოლიტიკის განსაზღვრა გახლავთ. სტრუქტურის წესდებაში წერია, რომ კომისია კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. დაარსების შემდეგ კომისია მეორედ აღარ შეკრებილა. წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ შრომის პოლიტიკის მიმართულებით მედიაციის ინსტიტუტის არსებობა საკმარისია. ბიზნესი და მთავრობა აქ ერთ აზრზე არიან, ისინი ერთი გველეშაპის ორ თავს წარმოადგენენ. პროფკავშირი კი უშედეგოდ ითხოვს პოლიტიკის გადახედვას ან კვარტალში ერთხელ მაინც ქვეყანაში მიმდინარე შრომით ურთიერთობებზე მსჯელობას. ბიზნესი და სახელმწიფო მათ მოთხოვნას არაფრად აგდებს.
რაც შეეხება შრომის ინსპექციას. რეალური შრომის ინსპექციის მექანიზმის შემქნა პრობლემას აღმოფხვრიდა. რას ვგულისხმობთ რეალურ მექანიზმში? ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოს შემოწმება შეუძლია. ნამდვილი ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც ნებისმიერი საწარმოსთვის სანქციების დაწესების უფლება აქვს. ნამდვილი ინსპეცია არის ის საწარმო, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდერტების გარდა, სახელშეკრულებო და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებსაც ზედამხედველობს.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი შრომის მონიტორინგის სამსახური. სამსახურს აქვს წესდება, წესდებით გათვალისწინებულია მინიმალური სანქციების დაწესების უფლებაც, მაგრამ მონიტორინგის სამსახურს საწარმოების ზედამხედველობის განხორციელება არ შეუძლია. სამსახური სრულყოფილ, რეალურ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც „კანონში მეწარმეობის შესახებ“ განხორციელდება ცვლილებები და საწარმოთა ინსპექტირების შესაძლებლობა ორგანულ კანონმდებლობაშიც აღდგება. „საქნახშირის“ მფლობელი დეპუტატი ბეჟუაშვილი და მისი კოლეგების მიერ დაკომპლექტებული ლობისტური ჯგუფი არ დაუშვებს „კანონი მეწარმეობის შესახებ“ შეცვლას. შესაბამისად, შრომის მონიტორინგის სამსახურიც უუფლებო ორგანოდ რჩება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგისათვის თვალთმაქცურად შექმნეს. დღეს ჩვენ შრომის ინსპექცია, ამ ინსტიტუტის კლასიკური და მინიმალისტური გაგებითაც კი არ გვაქვს!
მადლობა


სიახლე ბლოგზე

თაგგაიზმი

2007 EU ანალიზი ანალიტიკა აშშ ახალი წელები ბლიცი საქმეზე ბუნება გააღიმე განათლება გარემო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დღლორჯოს ქოხი ევროკავშირი ეკლესია ერეკლე დეისაძე ექსპედიცია ექსპერტის რჩევა ვაება ვაჟიშვილობა ვაშლოვანი ვიდეოპრისტავკა თბილისი თხა და გიგო იმპულსი 91 ინვესტიცია ინოვაცია ინტერვიუ ინტერნეტ ზვეზდა კატაკლიზმა კაცობა კახეთი კულტУРА ლუკა მიწისძვრა მოგზაურობა მოსაზრება მყვირალა სათაურები ნეგატივი ნიუსი ოკუპაცია პატრიარქი პირველი აპრილი პოლიტიკა პრეზიდენტი პროტესტი პუბლიკაცია პუტინი ჟამთააღმწერელი რუსეთი საქართველო სახელმწიფო სისხლი სოჭი 2014 ტაბულა ტურიზმი უკრაინა უნიათო არტისტები უცნაური ადამიანები ფოტო ქართველი ბლოგერები ქართველი ერი ქართული მწერლობა ქართული ტრადიციები ქველმოქმედება ქუთათურებეეე ქუთაისი ღვინო ღრეატივი ყველგანმავალი ყურის ჩხირები შიზოფრენია შოკი ჩემი ყოფა წყალტუბო